ირაკლი კობახიძე – Eagle Hills-ის პროექტი ითვალისწინებს როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სივრცის კეთილმოწყობას, სწორედ ეს განაპირობებს შესაბამისი პროექტების მაღალ ხარისხს და ამან განაპირობა დუბაის ცნობილი სასწაული

Eagle Hills-ის პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის კრწანისის ტყე-პარკის მოწყობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის სივრცეების, მათ შორის საგანმანათლებლო, სპორტული და მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, ჩვენ მიჩვეული ვართ, როგორც წესი დეველოპერული პროექტი ითვალისწინებს კორპუსის აშენებას და ბინების გაყიდვას. ეს არ არის ამ კონკრეტული კომპანიის მიდგომა. ისინი განსხვავებულად უდგებიან ასეთი ტიპის პროექტებს, ისინი ავითარებენ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სივრცის კეთილმოწყობას. სწორედ ეს განაპირობებს შესაბამისი პროექტების მაღალ ხარისხს და ამან განაპირობა იგივე დუბაის ცნობილი სასწაული, აქ არ იყო საუბარი მხოლოდ კორპუსების მშენებლობაზე, ბინების გაყიდვაზე, მთლიანობაში განვითარდა სრულიად ახალი სტანდარტის სივრცეები, უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის სივრცეები, მან შესძინა განსაკუთრებული მიმზიდველობა იმ სივრცეებს, რომლებიც განვითარდა სწორედ ამ კომპანიის მიერ სხვადასხვა ქალაქში. ასეთი სივრცეების მოწყობა, როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული დატვირთვის მქონე სივრცეების მოწყობა არის გათვალისწინებული ამ პროექტის ფარგლებში.

რაც შეეხება ხელშეკრულების ნაწილობრივ გასაჯაროებას, რეალურად ეს არის ის, რაც უკვე გავაკეთეთ, რეალურად ყველა პრინციპული საკითხი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. თუმცა ჩვენი პროექტის ოპონენტები მაინც არ არიან ამით კმაყოფილი. არ ვიცი, როგორ შეიძლება შევქმნათ მათი კმაყოფილების უფრო მაღალი დონე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები