ველური ბუნების სააგენტო „წითელი ნუსხის“ სახეობა ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს
წითელი ნუსხის სახეობების პროგრამის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის სახეობის“ ჭალის მუხის აღდგენასა და გამრავლებაზე მუშაობს.
ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას აღკვეთილში ჭალის მუხის 20 000-მდე ერთეული სათესლე მასალა მოიპოვეს. მოპოვებული მასალა დაითესა სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სადაც შექმნილია ოპტიმალური პირობები სახეობის ზრდა-განვითარებისთვის. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია ნერგების გადარგვა ბუნებრივ ჰაბიტატებში, ტერიტორიებზე, სადაც ჭალის მუხა ისტორიულად იყო გავრცელებული.
წითელი ნუსხის სახეობა ჭალის მუხა – Quercus pedunculiflora ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეების: მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა რკოს გრძელი ყუნწით გამოირჩევა, რის გამოც მას „გრძელყუნწიან მუხასაც“ უწოდებენ. დღეის მდგომარეობით, ჭალის მუხა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოწყვლადი (VU – Vulnerable) კატეგორიით.