Le Figaro: კორუფცია უკრაინაში – იუსტიციის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ, განაცხადა, რომ მთავრობამ, ენერგეტიკის სექტორში კორუფციის გამოძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშენკო, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ფრანგული Le Figaro იტყობინება.
გამოცემის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ შვიდი პირი დააკავა ენერგეტიკის სფეროს მაღალჩინოსნების მიერ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
სამშაბათს, ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყოფილ მინისტრი გალუშენკოზე გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა, სამინისტრომ არ დააკონკრეტა, დაკავშირებული იყო თუ არა გამოძიება ენერგეტიკის სექტორში კორუფციის საქმესთან, რომელსაც სახელმწიფო ანტიკორუფციული სამსახური იძიებდა. გალუშენკომ მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას და Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „გამოძიების დროს თანამდებობიდან შეჩერება ცივილიზებული და შესაბამისი ზომაა“.
„მე სასამართლოში დავიცავ თავს და დავამტკიცებ ჩემს პოზიციას“, – დასძინა გალუშენკომ, გამოძიების მიზეზების დაკონკრეტების გარეშე.
“ენერგეტიკის სექტორში მექრთამეობის ბრალდებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ფართო საზოგადოება, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის გახანგრძლივებულ, ყოველდღიურ გათიშვას აწყდება, ზამთრის ტემპერატურის დადგომამდეც კი, რადგან ისინი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებს იგერიებენ.” – წერს Le Figaro.