„სახეზე გვაქვს სახელმწიფოებრივი მმართველობის ჩიხი“
პარტია „ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძემ ხელისუფლება უშიშროების საბჭოს თარიღის გადაწევის მოთხოვნის გამო გააკრიტიკა და რუსეთ – აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულების უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ეს არის ქართული სახელმწიფოებრივი მმართველობის ჩიხი, სადაც არც პარლამენტი ასრულებს თავის ფუნქციას, არც მთავრობა და, პარალელურად, ცდილობენ, რომ პრეზიდენტს საერთოდ არ ჰქონდეს რაიმე ფუნქცია“,- აღნიშნული განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
ჩიხრაძის განცხადებით, აბსოლუტურად არაადეკვატური და არასაკმარისია ის რეაქცია, რომელიც ხელისუფლებამ მისცა აფხაზეთის ანექსიის მცდელობას. მისივე განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება ვერ ახერხებს მარგველაშვილის მიმართ პირად წყენაზე მაღლა დადგომას და ხელოვნურად მისი როლის დაკნინებას ცდილობს.
„უშიშროების საბჭომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს. დღევანდელი კონსტიტუციით ქვეყნის წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ქვეყნის მთავარსარდალი პრეზიდენტია და წარმოუდგენელია, რომ ის არ იყოს ამ საქმეში ჩართული. პარლამენტმა ამ საკითხზე ერთიან პოზიციაზე შეჯერებაც კი ვერ მოახერხა. ის, რომ პრემიერთან შეიქმნა პარალელური სტრუქტურა, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელმაც ეს საკითხი განიხილა, არ ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა არ უნდა გაიმართოს. ჩვენ ჯერჯერობით ვმოქმედებთ, ვმუშაობთ იმ კონსტიტუციის პირობებში, სადაც პრეზიდენტი არის პირდაპირ არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ. პრეზიდენტს აქვს საგარეო წარმომადგენლობითი უფლებები, კრიტიკულ სიტუაციაში ის არის მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური. როგორ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვან სტარტეგიულ საკითხთან მიმართებაში ვინმემ თქვას, რომ პრეზიდენტს ეს არ ეხება. არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უნდა შეეძლოთ პირად წყენაზე მაღლა დადგნენ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძე ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ერთი ვიზიტის ჩაშლით ქვეყანა არ დაინგრევა, თუმცა უკვე ბევრი ასეთი არშემდგარი ვიზიტი დაგროვდა. პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების რამდენჯერმე ჩაშლა ჩიხრაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაციიის არარსებობით ახსნა:
„ ერთი ვიზიტის ჩაშლით ქვეყანა არ დაინგრევა, თუმცა უკვე პრეზიდენტის ძალიან ბევრი არშემდგარი და ჩაშლილი ვიზიტი დაგროვდა. ის, რომ ბრიუსელში ვიზიტი და უშიშროების საბჭოს სხდომა ერთი და იგივე დღეს იყოს დანიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტს შორის არარსებული კომუნიკაციის ბრალია“.