„საკითხი, რაზეც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, საბჭოს ფუნქციას არ წარმოადგენს“

საკითხი, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, მოქმედი კონსტიტუციის გათვალისწინებით, საბჭოს ფუნქციას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა 28 ოქტომბერს დაგეგმილი სხდომის კომენტირებისას განაცხადა. მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება, იმ თემების განხილვის ადგილი, რაზეც საბჭოს სხდომაა მოწვეული, ეს ორგანო აღარ იქნება.
“ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები შედის, რაც კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. კონსტიტუციაში კი წერია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქცია თავდაცვის ორგანიზება და სამხედრო აღმშენებლობაა. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციები ყალიბდება “უშიშროების საბჭოს შესახებ” ორგანულ კანონში, ხოლო სხვა დანარჩენი ფუქციები, რაც უშიშროების საბჭოს აქამდე ჰქონდა მინიჭებული, სხვა კანონმდებლობაში გადავიდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა. უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, 28 ოქტომბერს, უშიშროების საბჭოს სხდომას მუდმივი წევრების გარდა ორი სახელმწიფო მინისტრი და 3 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრება. მისი განმარტებით, სხდომაზე მიწვეულია სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტიდან კი – საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები – თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე. 28 ოქტომბერს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები