“თუ ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი ცხვირია, მაშინ ზაზა დავითაიას ცხვირი ცხვირი არ არის”?

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლეს – ილია ნიკოლაიშვილს სასამართლოში უჩივლებს.
როგორც ამავე გაზეთის ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, დავითაია ნიკოლაიშვილისგან ბოდიშის მოხდასა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 50 000 ლარს მოითხოვს. ჯაბა ხუბუას თქმით, ზაზა დავითაია გადაყვანილია რკინიგზის საავადმყოფოში.
მას ტვინის შერყევა და სხეულის გარეგანი დაზიანება აღენიშნება. მისივე განცხადებით, გუშინ თსუ-ის პირველი კორპუსის წინ გაჩერებაზე მდგომ ზაზა დავითაიას თავდამსხმელმა მაჯაზე ხელი მოჰკიდა, ავტობუსიდან ჩამოათრია და ჰკითხა, რატომ თანამშრომლობ „ეფ-ეს-ბესთან“ თუ „კაგებესთანო“ და ამის შემდეგ ზაზა დავითაიას სახის არეში ძლიერად დაარტყა. „საინტერესო იყო ის ფრაზა, რომელიც მას თავდამსხმელმა უთხრა: შენ კიდევ ვერ მიხვდი, რომ გარეთ არ უნდა გამოხვიდე?! და რამდენჯერაც გამოხვალ, იმდენჯერ თავს დაგესხმებით და გცემთო.
ამ ფრაზებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ეჭვი და საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ ზაზა დავითაიაზე ხელმეორედ თავდასხმა გაგრძელებაა იმ პირველი თავდასხმისა, რაც მასზე სამი კვირის წინ მოხდა“, – განაცხადა ხუბუამ.
მისივე თქმით, როდესაც „თავისუფალი ზონის“ მიერ ზაზა დავითაიას პირველი ცემის ფაქტი მოხდა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლემ – ილია ნიკოლაიშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ „ზაზა დავითაია არ არის ჟურნალისტი, ის არის „ეფ-ეს-ბეს“ დავალებების შემსრულებელი და ლოგიკური იქნებოდა, თუკი პროკურატურა საქმეს აღძრავდა არა ჟურნალისტის, არამეს „ფეესბეს“ აგენტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით“.
„მისმა ამ განცხადებამ რამდენიმე კვირაში გამოიწვია პირდაპირი ზიანის მიყენება ზაზა დავითაიასადმი, როგორც მორალური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. თავდამსხმელმა, რომელმაც იგი გუშინ სცემა, პირდაპირ სწორედ ამ სიტყვებით მიმართა, რატომ თანამშრომლობა „ეფ-ეს-ბესთანო“. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის – ილია ნიკოლაიშვილის ამ განცხადებამ და მის მიერ გაჟღერებულმა ამ კონტექსტმა, მას მიაყენა დიდი მორალური ზიანი და გამოიწვია მისი ფიზიკური დაზიანება. „ასავალ-დასავალის“ რედაქცია უახლოეს დღეებში, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის ილია ნიკოლაიშვილის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ და მისგან მოვითხოვთ როგორც ბოდიშის მოხდას, ასევე გავრცელებული ცნობის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 50 000 ლარის ოდენობით. მინდა, ამ ადამიანს შევახსენო, რომ როდესაც მის მეუღლეს საჯარო ბიბლიოთეკასთან ცხვირი გაუტეხეს და სისხლი მოსდიოდა, ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი და თუ ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი არის ცხვირი, მაშინ ზაზა დავითაიას ცხვირი, რომელიც უკვე 2-ჯერ გატყდა, ასევე ცხვირია და მასაც სისხლი ადინეს. ამასთან დაკავშირებით ამ ვაჟბატონს კანონისა და სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს“, – განაცხადა ჯაბა ხუბუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები