კახა კალაძე: ნურავინ ელოდება იმას, რომ ის, ვინც უკვეთავს, ახალისებს ძალადობასა და უბედურებას ქვეყანაში, მეორე დღეს გამოვა და ამ ყველაფერს გაემიჯნება

„ნურავინ ელოდება იმას, რომ ის, ვინც უკვეთავს, ახალისებს ძალადობასა და უბედურებას ქვეყანაში, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს. როგორ უნდა გაემიჯნოს – თვითონ არის დამფინანსებელი და შემოქმედიც“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული პროცესების ამ დრომდე არდაგმობის გამო.

მისი თქმით, ყველა ბოროტება, რაც ბოლო წლებში საქართველოში ხდება, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა.

„ქვეყანაში ძალადობას თვითონ ახალისებენ, თვითონ აფინანსებენ ამ ტიპის ადამიანების შექმნას, თვითონ აფინანსებენ ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, თვითონ ახალისებენ ბოროტებას, ამიტომ როგორ დაგმობენ.

ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა. იღებენ დავალებებს და ცდილობენ განახორციელონ. რამდენად გამოსდით, ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული პროცესები გარედან არის მართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი, ასევე, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხში გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის სიმართლეზე დაფუძნებულ განცხადებებს არ გააკეთებს.

„საკუთარ თავს ხომ არ დაადანაშაულებს და დაგმობს? ყველამ კარგად ვიცით და ცხადია ის, თუ როგორ იმართება ეს პროცესები, საიდან ფინანსდება, ვინ უდგას სათავეში, ვინ შექმნა ეს აგენტურული ქსელი ქვეყანაში, ამ ტიპის ადამიანები – უსამშობლო აგენტურა. შესაბამისად, ცხადია, ის არ გააკეთებს სწორ განცხადებას, რომელიც სიმართლეზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები