არტანუჯის ციხესიმაგრეში აღმოჩენილი ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
არტანუჯის (თურქული სახელწოდება „გევერნიკი“) ციხესიმაგრეში აღმოჩენილი ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„თურქი არქეოლოგების მოსაზრებით, არტანუჯის (თურქული სახელწოდება გევერნიკი) ციხესიმაგრეში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხი
Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არტანუჯის ციხე-ქალაქში პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინა სამარხი, რომელიც, მათი თქმით, სავარაუდოდ დიდ ქართველ მეფეს-აშოტ I (კურაპალატს) ეკუთვნის.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ არქეოლოგიური გათხრების ადგილზე, სადაც თურქმა კოლეგებმა გააცნეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ახალი მნიშვნელოვანი აღმოჩენები, მათ შორის გამოვლენილი სამარხიც.
იმის გათვალისწინებით, რომ სამარხში არ იყო ნეშტი და არც რაიმე სახის წარწერა, ქართველ მკვლევართა აზრით, სამარხის აშოტ კურაპალატისადმი კუთვნილების დასადასტურებლად, აღმოჩენას დამატებითი კვლევა და ანალიზი სჭირდება.
სააგენტო მიესალმება თურქი კოლეგების ძალისხმევას, მეცნიერულად შეისწავლონ არტანუჯის ციხე, რომელიც წარსულში ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა“, – წერია ინფორმაციაში.