საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დოკუმენტი ისტორიული მნიშვნელობის არქივების ერთობლივად დამუშავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე და მწერალთა სახლის წარმომადგენლები, ვატიკანში საქართველოს ელჩი დავით მექვაბიშვილი, იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ნინო გაგუა, ასევე ნეაპოლში მცხოვრები ქართული დიასპორისა და ადგილობრივი აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა თამარ მახარაძის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება, რომელიც XVII საუკუნის იტალიელი კათოლიკე მისიონერისა და მეცნიერის ბერნარდე ნეაპოლელის საქართველოში მოგზაურობას ეხება. ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ბერნარდე ნეაპოლელის საქართველოში მოგზაურობისას ჩაწერილი დოკუმენტები და ხალხში მოგროვილი ქართული ზღაპრები ინახება.
ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად იტალიელი მისიონერის, მკვლევარისა და მოგზაურის მიერ საქართველოში დაგროვილი უნიკალური დოკუმენტებისა და ქართული ხალხური ზღაპრების გამოცემას გეგმავს. საქართველოსთან დაკავშირებული ამ აქამდე უცნობი არქივის გამოქვეყნება მნიშვნელოვანი იქნება ისტორიკოსებისთვის, ამ ეპოქის მკვლევრებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.
ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა, სადაც როგორც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები, ისე უახლესი ქართული ლიტერატურა განთავსდა.
ქართულმა მხარემ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის ხელმღვანელობა საქართველოში მოიწვია.
ვიზიტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები