“ალილუიასავით გაიმეორეთ “ვივა-მედის” ბინადრის ბოლო სტატუსები; არ არის საჭირო ეს კონსპირაციის თეორიები პოლიტიკური შარლატანების მხრიდან დაგეგმილი უნიჭო, “პირადი” შურისძიების გასაპრავებლად” – თინათინ ხიდაშელი
“ალილუიასავით გაიმეორეთ “ვივა-მედის” ბინადრის ბოლო სტატუსები; არ არის საჭირო ეს კონსპირაციის თეორიები ერთი სრულიად ჩვეულებრივი, პოლიტიკური შარლატანების მხრიდან დაგეგმილი უნიჭო, “პირადი” შურისძიების გასაპრავებლად!”, – ამის შესახებ პოლიტიკოსი, თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძემ ზუსტად ისე იბრძოლა, როგორც იცოდა, როგორც შეეძლო – “არც ერთი მისხალით მეტი ან ნაკლები”.
“გულწრფელად, ალალად ….
მას არც ხელისუფლებაში მოსვლაზე უსაუბრია, არც პოლიტიკური პარტია შეუქმნია, არც რაიმე თანამდებობა განუპირობებია საკუთარი თავისთვის.
ფოკუსი გაასწორეთ!
აჟიტირებულები რომ პოსტავთ, თითქოს, ამაში რამე საამაყო იყოს, რომ ეს პოლიტიკოსების ბრძოლა არ არის და მსგავს ამბებს, იქნებ ერთხელ მაინც გვერდიდან შეხედოთ პროცესს.
1. სამშობლო გადასარჩენია!
2. სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლა სახელისუფლებო ბრძოლაა!
ეს არის სახელისუფლებო ბრძოლა!
3. პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების გარეშე, სახელისუფლებო ბრძოლა ზუსტად ისევე არ არსებობს, როგორც საზოგადოების გარეშე!
4. ეს ორი, საზოგადოების სიბრაზე/უკმაყოფილება, ქუჩებში პროტესტით გადმოღვრილი და პოლიტიკურ პარტიული პასუხისმგებლობა თანაბრად, აბსოლუტურად სავალდებულო კომპონენტებია წარმატებისთვის.
5. ერთ-ერთის ამოგდება მარცხის ტოლფასია და ჭაობიდან ჭაობში ვივლით უსასრულოდ!
ხომ გაგიგიათ – „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო“ ან „წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება“ — ანუ როცა სიწმინდე, ან ძალაუფლება, ან რაიმე მნიშვნელოვანი ადგილი მიტოვებულია, იქ აუცილებლად სხვა, ხშირად კი უარესი ჩაანაცვლებს მანამდე არსებულს.
მიზიდულობა მაღალია და ასე უპატრონოდ დიდხანს არ დარჩება. “ეშმაკებიო” და არა სხვა ანგელოზები ან წმინდანებიო.
ხოდა, რუსთაველზე რომ დგას ხალხი, მათი პასუხისმგებლობა, პაატა ბურჭულაძის ჩათვლით და იმათი, ვინც ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის, ხშირად ამ ხალხის ზურგს ამოფარებული, სრულიად განსხვავებულია! მოლოდინებიც განსხვავებულია!
ამიტომ, გასაგებია, რომ “ნაცბაბლი”, ხან ყალბი სენტიმენტალურობით და ხან გულწრფელად – “ვაიმე, პაატა, 70 წლის მსოფლიო ბანი” და მსგავსს ბევრს ილაპარაკებს ეს დღეები, სიმართლე კი მუდამ ის იქნება, რაც წამიერი ადამიანური სასოწარკვეთის დროს წამოსცდა ნაცპროკურორ ზოდელავას – “ეს იყო ჩემი პირადი ჯანყი თუ ამბოხიო, ჩემი პირადი ამბოხიო! და რაზე ჰქონდა პირადი ამბოხიო”. ბატონი ზოდელავა ციხეში არ ყოფილა, მისთვის არავის ბუზი არ აუფრენია, არავის გახსენებია ეს 13 წელი. ერთადერთი რამ მოხდა მის “პირად” თავს, ძალაუფლება დაკარგა სასამართლოს არნახული დამორჩილების პერიოდის იუსტიციის საბჭოს წევრმა და შემდეგ პოლიტიკური რეპრესიების პროკურორად გამწესებულმა ზოდელავამ!
მაგრამ დანარჩენები მაინც მთავარს ნუ ასცდებით, ფოკუსი გაასწორეთ და ალილუიასავით გაიმეორეთ “ვივა-მედის” ბინადარის ბოლო სტატუსები, მხოლოდ ბოლო არა, თანმიმდევრობით, აჰყევით ზევით და რიხით ჩაიკითხეთ. უცებ მიხვდებით ყველაფერს და არ არის საჭირო ეს კონსპირაციის თეორიები ერთი სრულიად ჩვეულებრივი, პოლიტიკური შარლატანების მხრიდან დაგეგმილი უნიჭო, “პირადი” შურისძიების გასაპრავებლად!
აი, ეს ხალხი, თბილისსა და მთელს საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან ამ მოძრაობის წინა ხაზებში პასუხისმგებლობით და ნათელი ამოცანებით!”, – წერს თინათინ ხიდაშელი.