“გურიაში, საარჩევნო უბანზე ოპოზიციიდან გადასატან ყუთს არ მიჰყვებიან “ლელოს” მიერ დანიშნული კომისიის წევრები, ბათუმის N5 უბანზე კი, “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი პირი უბანზე მეორედ იმყოფებოდა” – პაპუაშვილი დარღვევებზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებზე ისაუბრა და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

კერძოდ, მისი თქმით, გურიაში, ოზურგეთის N20 საარჩევნო უბანზე ოპოზიციიდან გადასატან ყუთს არ მიჰყვებიან “ლელოს” მიერ დანიშნული კომისიის წევრები, ასევე,
ბათუმის N5 უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი პირი უბანზე მეორედ იმყოფებოდა, არ ტოვებდა უბანს, რის გამოც საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა და მისი გაძევება უბნიდან.

“უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიკმედია ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით ისეთი სურათი დადგას, თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა. ეს ცრუ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია, გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდამჭერთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობაა. ასე რომ, მივმართავ ფეიკმედიას, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო “ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენლებს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი ამომრჩევლების სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობისთვის.

ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა: გურიაში, ოზურგეთი N20 საარჩევნო უბანზე ოპოზიციიდან გადასატან ყუთს არ მიჰყვებიან “ლელოს” მიერ დანიშნული კომისიის წევრები.
ბათუმის N5 უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი პირი უბანზე მეორედ იმყოფებოდა, არ ტოვებდა უბანს, რის გამოც საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა და მისი გაძევება უბნიდან. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია არა მარტო პრივილეგიაა, არამედ მოვალეობაც – მოვალეობა ჩვენი ქვეყნის, მომავლის, შვილების წინაშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები და მხოლოდ არჩევნები გამოხატავს ხალხის ნებას, ყოველგვარი სხვა ალტერნატივა და პრეტენზია ხალხის სახელით საუბარზე მხოლოდ სპეკულაცია ან უზნეობაა. ტრაგიკულია, რომ სწორედ ამ გზას დაადგა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭერის ბოლო იმედი და არაკონსტიტუციური ნაბიჯების იმედადღა დარჩა, როგორც წყალწაღებული, რომელიც უკანასკნელ ხავსს ეჭიდება. თუმცა, დღეს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან თავის სათქმელს იტყვის და ყველა წყალწაღებულ რადიკალს ისტორიის მდინარეს გაატანს. ამაშია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი სიძლიერე. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ არჩევნებში მონაწილეობისათვის და აქტიურობისაკენ მოგიწოდოთ. დღეს საქართველოს ყველანი არჩევნებზე ვჭირდებით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები