კახა კალაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს – გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან დამნაშავეები

„რეზოლუციები ახალი არაა, კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, თუ როგორ ხდება მათი მიღება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას რეალურად არ ჰყავს პოლიტპატიმრები – ჰყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან მსჯავრდებულები.

„მსგავსი რეზოლუციები ახალი არაა. ყველაფერი კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, თუ როგორ ხდება მათი მიღება. მათ არანაირი ფასი არ აქვს და ვიცით, როგორი შინაარსისაც არის. სხვათა შორის, გამჭვირვალობის კანონის, FARA-ს მეშვეობით გახდა ცნობილი, როგორ ხდება რეზოლუციების მიღება. ჩვეულებრივ ფულს იხდიან ამაში და რასაც უნდათ, იმას აწერინებენ. რეალობას რომ შევხედოთ, გამჭვირვალობა – ის კანონი, რომელსაც ებრძვიან, მნიშვნელოვანია, რადგან არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უცხოეთიდან შემოსული თანხებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით მოდიოდა, მოხმარდეს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, საზოგადოების გახლეჩას, მოძალადეების წახალისებას. ეს ყველაფერი დაუშვებელია და კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან დამნაშავეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები