რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებს ,,თეთრ სიასთან’’ დაკავშირებული გადაწყვეტილება გააცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიების, ინფრტასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე.

რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ე. წ. თეთრ სიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, ახალი მოდელის თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს – 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.

შეხვედრაზე, ასევე ყურადღება დაეთმო ფასების პოლიტიკას. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა, დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში.

შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამუშაოების ხარისხსა და შესრულების ვადებზე.

„სამწუხაროდ, ბევრს არ გამოუვლენია სათანადო რეაგირება ჩვენს ახალ მიდგომებზე. დღემდე ვაწყდებით უხარისხო სამუშაოებს და გაჭიანურებულ ვადებს. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს – გაუთავებელი გადავადებები აღარ იქნება. 11-ჯერ გადავადებულ კონტრაქტს მე-12-ედ აღარ გადავავადებთ,“ -განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მომავალი კვირიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მათ შორის თავად მინისტრი, დაიწყებენ ობიექტების მონახულებას და დარღვევებზე მოხდება მყისიერი რეაგირება.

„ხარისხი არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. დავიწყებთ აქტიურ მონიტორინგს და ყველა დარღვევაზე მივიღებთ სწრაფ და შესაბამის ზომებს,“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები