საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ – გიორგი მირცხულავამ იუნესკოს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ, კულტურული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ იუნესკოს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, „კულტურული უფლებებისა“ და „ეკონომიკისა და კულტურის“ შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მოქალაქეებისთვის კულტურული უფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე; გამოწვევებზე, რომლებიც დღემდე არსებობს, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
გიორგი მირცხულავამ ყურადღება გაამახვილა კულტურის სექტორის როლზე ეკონომიკის განვითარებაში და კულტურისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირზე; კულტურის სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობაზე; საქართველოს მთავრობის მიერ კულტურის სექტორში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს (Starring Georgia, Tbilisi Jazz Festival, Tsinandali Classical Music Festival); ასევე, ისაუბრა კულტურულ ტურიზმში ინვესტიციის მნიშვნელობასა და მიღწეულ წარმატებებზე.
იუნესკოს საერთაშორისო კონფერენცია კულტურული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ – „MONDIACULT 2025“ ეძღვნებოდა კულტურის სფეროში არსებულ გლობალურ გამოწვევებს, უფლებებს, განათლებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
კონფერენციის ფარგლებში საუბარი შედგა გიორგი მირცხულავას, იუნესკოს გენერალურ დირექტორ ოდრი აზულესა და ესპანეთის კულტურის მინისტრ ერნესტ ურტასუნ დომენეკს შორის. მხარეებმა ისაუბრეს კულტურის მიმართულებით იუნესკოსთან და ესპანეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ: კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები