ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების გამოფენა გაიხსნა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების დროებითი გამოფენა გაიხსნა. ბათუმის მუზეუმის ინფორმაციით, ღონისძიება ხორციელდება ორ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
გამოფენაზე წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები: წერილების შესანახი მაგიდა, ე.წ. „სეკრეტერი“; ოლღას ბეჭდის შესანახი ყუთი; ოლღას მოწნული ჩანთა; წიგნი „კაცია ადამიანი“; სიგარების შესანახი ყუთი; სამელნე, გარეული ღორის ეშვებით; ილიას ნაქონი ჯოხ-სკამი; ილიას ხელჯოხი. გურამიშვილების საგვარეულო მუზარადი; გურამიშვილების საგვარეულო სამკლავე; ილიას სადარბაზო ბარათი; ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების „კაცია-ადამიანი?!“-ს მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი გმირები – ლუარსაბი და დარეჯანი.
წარმოდგენილი ნივთები, ბათუმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებსა და მის მრავალმხრივ მოღვაწეობას.