ევრობანკმა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდასაჭერად, ადგილობრივი მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, ევრობანკმა საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შედგა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მდიდარი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე, ევრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ტექნიკური დახმარებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რათა მოხდეს მათი კონკურენტუნარიანობის სტიმულირება, მეწარმეობის წახალისება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალის გაუმჯობესება, ინოვაციების დანერგვა და ახალი ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება.
ევრობანკი ხელს შეუწყობს ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებისთვის მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას და ცალკეულ საწარმოებს დაეხმარება ადგილობრივ კონსულტანტებთან ურთიერთობის დამყარებაში. ევრობანკი ასევე განახორციელებს ბაზრის განვითარებისკენ მიმართულ ქმედებებს, მაგ. ადგილობრივი კონსულტანტების, მცირე და საშუალო ბიზნესმენების გადამზადებას და მათი პოტენციალის განვითარებას.
„მახარებს, რომ დღეს ახალ ინიციატივას ეყრება საფუძველი. ეს არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესანიშნავი საშუალება ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის – მეწარმეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში. რეალური სექტორი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი და მზარდი ეკონომიკის ხერხემალია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა დარგობრივი პოლიტიკის სფეროში დიალოგის გზით. ამდენად, გვსიამოვნებს მათთან წარმატებული გუნდური მუშაობის გაგრძელება ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში“, – განაცხადა ევრობანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომამდგენლობების რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.
მემორანდუმი, რომელსაც ხელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მოაწერეს, მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატს განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები