რევაზ სოხაძე: როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვისურვებდი, რომ საქართველოში გზებიც, სკოლებიც და ბაღებიც ქართული კომპანიების მიერ შენდებოდეს

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზარი გაიხსნას და იყოს კონკურენტუნარიანი. არც ერთი, არავისზე მორგებული ტენდერი არ ჩატარდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, სამართლიან გარემოში მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ტენდერში. ყველა ტენდერი, რომელიც გამოცხადებულია თუ გამოცხადდება იქნება ამ თამაშის წესებით. ამაზე ვართ პასუხისმგებლები, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს კონკურენტული და სამართლიანი ბიზნესგარემოს ფორმირებაზე, სადაც ყველა კომპანიისთვის, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოური, უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი წვდომა სახელმწიფო ტენდერებზე, არც ერთი ტენდერი არ ჩატარდება მორგებული პირობებით.

მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის არ აქვს მნიშვნელობა კონტრაქტორის წარმომავლობას, ნებისმიერი ხარვეზი შეფასდება ობიექტურად და ერთნაირი სტანდარტით.

„ხარვეზები შესაძლოა იყოს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებთან. ჩვენთვის მთავარი ხარისხია და არა კომპანიის წარმომავლობა. დამოკიდებულება ყველას მიმართ იქნება ერთნაირი და მკაცრი.“

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ქართული ბიზნესის გაძლიერების სურვილი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ მსხვილ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვისურვებდი, რომ საქართველოში გზებიც, სკოლებიც და ბაღებიც ქართული კომპანიების მიერ შენდებოდეს. მინდა მათ ჰქონდეთ ამის რეალური შესაძლებლობა და ამ პროცესით განვითარდნენ. მინდა, მალე დადგეს ის დრო, როდესაც ქართული კომპანიები არამარტო ღვინოს ან სხვა პროდუქციას გაიტანენ ექსპორტზე, არამედ იმ ტიპის მომსახურებასაც, როგორიც დღეს უცხოური კომპანიების მხრიდან ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურაში“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ადგილობრივი კომპანიებისთვის საკმარისი სივრცეა გამოცდილების შესაძენად და განვითარებისათვის, თუ ისინი პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და მზად იქნებიან თანამედროვე სტანდარტებისთვის. სამინისტროს სტრატეგიაა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მშენებლობის მიმართულებით, ტენდერები ისე დაიგეგმოს, რომ მასში მონაწილეობა მეტმა კომპანიამ შეძლოს.

„სატენდერო პირობებში ვცდილობთ ვიყოთ რაც შეიძლება მოქნილები, რომ ლოტების ღირებულება არ იყოს ზედმეტად მაღალი, რაც გააჩენს შესაძლებლობას, რომ პროექტებში უფრო მეტი ადგილობრივი კომპანია ჩაერთოს. ეს ხელს შეუწყობს როგორც კონკურენციის ზრდას, ისე სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები