საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია წელს მეათედ იმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა. ინფორმაციას, ეროვნულ არქივი ავრცელებს.
მისასალმებელ სიტყვაში ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა აღნიშნა, რომ წლევანდელი კონფერენცია მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს ეძღვნება და მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ცალკე სამეცნიერო სესია ეთმობა.
კონფერენცია, რომელშიც 160-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს, ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მჭიდრო კავშირს, მათ შორის სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია; ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; კულტუროლოგია; ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.