თინათინ რუხაძე, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს – მეჰმეთ ნური ერსოის შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს – მეჰმეთ ნური ერსოის შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ინიციატივების განხორციელებაა.
სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ორმხრივი მუშაობის მნიშვნელობას. მხარეებმა არა მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, არამედ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე, თინათინ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურის დღეების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს ქ. ანკარაში გაიხსნება.
„ანკარაში ქართული კულტურის დღეების გამართვა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ნათელი გამოხატულებაა. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მომავალ წელს საქართველოში ვუმასპინძლოთ თურქეთის კულტურის დღეებს“, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა. მან თურქი კოლეგა, საქართველოში თურქული კულტურის დღეების ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით მოიწვია.
სამომავლო პროექტების განხორციელების მიზნით, დაიგეგმა მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ჩატარება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ადგილზე, თბილისში.
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე.
შეხვედრაზე თურქეთის მხარეს, მინისტრთან ერთად, წარმოადგენდნენ: თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი გოზდე შაჰინი, კულტურული ღონისძიებებისა და მემკვიდრეობის გენერალური დირექტორი სელიმ ტერეზი, მრჩეველი იასინ ილგენი.