ვაჩე რაინდელის გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია – „ენგურის ორი ნაპირი“ გაიმართება
25 სექტემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში ვაჩე რაინდელის გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია – „ენგურის ორი ნაპირი“ გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წიგნი ეფუძნება აფხაზეთში ავტორის ფარულად განხორციელებულ მოგზაურობას. ვაჩე რაინდელმა ფოტოაპარატით, რომელიც ამ მოგზაურობაში თან ჰქონდა, საზოგადოებას დღევანდელი აფხაზეთის ცოცხალი სურათი გადმოსცა.
მისი კამერის ობიექტივში ჩანს გადამწვარი სოფლები და ქალაქები, სახეცვლილი ეკლესია-მონასტრები, რომლებიც კვლავ სიცოცხლის დაბრუნებას ელიან:
„დამწვარი სახლები, გადამწვარი კარ-მიდამოები, გადაბუგული სოფლები და ქალაქები, შერყვნილი და სახეცვლილი ეკლესია-მონასტრები მშველელს ელოდებიან. პატრონს ელოდება უმშვენიერესი მსხმოიარე ხეც, რომელიც დამწვარი, გადაბუგული სახლის ეზოში ეულად დგას… მართლაც, რა გადაგვარჩენს, ან ვინ გადაგვარჩენს?“, – კითხულობს ავტორი.
ვაჩე რაინდელი ოცნებობს, რომ კამანის იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვრის და სტიქაროსნის, მოწამებრივად აღსრულებული ქართული ეკლესიის წმინდანების – ქართველი მამა ანდრია ყურაშვილისა და აფხაზი იური ანუას – ბრილიანტებივით ბრწყინვალე სულებმა ერთ დღესაც გააღვიძონ და შეარიგონ ორი მოძმე ხალხის შვილები.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები მოისმენენ წიგნში გადმოცემულ ცოცხალ ისტორიებს და თავად ავტორის მოგზაურობის ამბებს.
სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ ფოტოგამოფენა „ენგურის ორი ნაპირი“, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაჩე რაინდელის მიერ აფხაზეთში გადაღებული კადრები.