თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა უნგრეთის ახლად დანიშნულ ელჩთან – პეტრა პონევაჩ-პანასთან
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა უნგრეთის ახლად დანიშნულ ელჩთან – პეტრა პონევაჩ-პანასთან.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უნგრეთის მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობასა და კულტურის სხვადასხვა დარგში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
საუბარი შეეხო 2026 წელს საქართველოსა და უნგრეთის კულტურის დღეების ჩატარების საკითხსა და 2027 წელს უნგრელი მხატვრის – მიხაი ზიჩის 200 წლისთავის ერთობლივი საიუბილეო ღონისძიებებით აღნიშვნას. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაზე მიმდინარე წლის ნოემბერში იქნება მიღებული.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამუზეუმო საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მხარეებმა არსებული მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ხოლო უნგრეთის მხრიდან მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟოფია კელემენი ესწრებოდნენ.
აღნიშნული თემები შეთანხმებულ იქნა საქართველოს კულტურის მინისტრის უნგრელ კოლეგასთან – ბალაშ ჰანკოსთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.