სასამართლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
„კვირა“ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“2014 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების: ივანე მერაბიშვილის, ვალერიან მეტრეველისა და ამჟამად ძებნაში მყოფი გერონტი ალანიას მიმართ.
წარდგენილი ბრალდების თანახმად: ივანე მერაბიშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი ცნობის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, პირადი მოტივით. ვალერიან მეტრეველსა და გერონტი ალანიას ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი მოხელის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით და აგრეთვე პირის დამამცირებელ და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად.მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 37 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 73 და დაცვის 1 მოწმე. ბრალდებული ი. მერაბიშვილი უარს აცხადებდა საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობაზე, ხოლო ბრალდებულმა ვალერიან მეტრეველმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და “ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა” და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 2(ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
ბრალდებულები ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მათ სასჯელის სახედ და ზომად, “ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა” და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით აეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო გამართლდნენ მოხელის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების ფაქტზე, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია”, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები