საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში, ბერძნული და ლათინური ლიტერატურის ბიბლიოთეკა წარადგინეს

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში, ბერძნული და ლათინური ლიტერატურის ბიბლიოთეკის წარდგენა გაიმართა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული ეს უნიკალური კოლექცია 570 ტომისგან შედგება.
კოლექციაში შედის ფილოსოფიური, ლიტერატურული და სამეცნიერო ტექსტები, რომლებიც კლასიკურ ეპოქაში (საბერძნეთსა და ძველ რომში) ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებზე შეიქმნა. კოლექცია ასევე მოიცავს ელინისტური ეპოქის ლიტერატურას.
გამოცემაში შედის პირველი ქრისტიანული საუკუნეების ტექსტები. ეპოქის საზღვარია პერიოდი, როცა რომის იმპერიამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
„ეს არის უნიკალური კოლექცია, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში არცერთ ბიბლიოთეკას არ აქვს. აქ მოცემულია ძველი ბერძნული და ლათინური ტექსტები, რომელთაც ერთვის წინასიტყვაობები ინგლისურ ენაზე და თავად ტექსტების ინგლისურენოვანი აკადემიური თარგმანები კომენტარებით. კოლექცია საინტერესო იქნება ფილოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის, კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკვლევრებისთვის. ზოგადად, კლასიკური და ელინისტური ხანის ლიტერატურა განათლების ფუნდამენტია, ამდენად, ეს გამოცემები საინტერესო იქნება ყველა განათლებული ადამიანისთვის“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, წიგნის მუზეუმში გამართულ პრეზენტაციაზე.
უნიკალური კოლექციის მნიშვნელობაზე ასევე ილაპარაკა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ნოდარ დუგლაძემ. ის თვეების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბრიტანულ მხარესთან.
ამჟამად კოლექცია ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმშია განთავსებული და მკითხველისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები