ახალი კვლევის თანახმად, გასულ კვირას, დასრულებული ძლიერი სიცხის ტალღის დროს ევროპის 12 ქალაქში, სავარაუდოდ, სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით 2300 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ორი მესამედი პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოქვეყნებული ანალიზი ფოკუსირებული იყო 23 ივნისიდან 2 ივლისამდე 10-დღიან პერიოდზე, რომლის დროსაც დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი სიცხემ მოიცვა.
კვლევაში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, დანიისა და შვეიცარიის ხუთი ევროპული ინსტიტუტის ათზე მეტი მკვლევრის მიერ ჩატარდა, ნათქვამია, რომ ამ პერიოდში გარდაცვლილი 2300 ადამიანიდან 1500-ის გარდაცვალება კლიმატის ცვლილებას უკავშირდებოდა, რამაც სიცხის ტალღა კიდევ უფრო გაამწვავა.
როგორც Theguardian-ი წერს, მილანი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი იყო, სადაც სიცხით გამოწვეული 499 სიკვდილიდან 317 კლიმატის ცვლილებას მიეწერება, შემდეგ მოდიან პარიზი და ბარსელონა. ლონდონში სიცხით გამოწვეული 273 სიკვდილი დაფიქსირდა, რომელთაგან 171 მკვლევრებმა კლიმატზე ადამიანის გავლენას მიაწერეს.
„ამ და სხვა მრავალი ანალიზის დასკვნები უაღრესად ნათელია: ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო, მთელ ევროპაში სიცხის ექსტრემალური მაჩვენებლები სწრაფად იზრდება“, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში გაფრთხილება იყო, რომ სიცხის ტალღის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, რაც, სავარაუდოდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელს გაზრდის.