ევროკავშირი და აშშ უკრაინის შიდა საქმეებში ერევიან
ევროკავშირი და აშშ უკრაინის შიდა საქმეებში ერევიან, – ასე უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის კრიტიკას, რომელიც რადის მიერ დამტკიცებულ ხუთ კანონს უკავშირდება. უკრაინის პირველმა დიპლომატმა ლეონიდ კოჟარამ, უკრაინაში აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უკრაინის მოვლენების ცალმხრივი შეფასებისაგან, რომლებიც რეალობას არ ასახავს. უკრაინის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონები არასანქცირებული საპროტესტო აქციების დროს კარვების გაშლას, ხმის გამაძლიერებელი აპარატურის დადგმასა და ჩაფხუტების გამოყენებას კრძალავს, ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს დეპუტატების დაპატიმრების პროცედურასაც. ახალი რეგულაციები არასამთავრებო ორგანიზაციებს რეგისტრაციის გავლასა და შემოსავლების მკაცრ დეკლარირებას ავალდებულებს. ამ ცვლილებებმა აშშ-ის და ევროკავშირის მაღალჩინოსნების უკმაყოფილება გამოიწვია. ოფიციალური კიევი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ და ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულდსმა გააკრიტიკა.