გია ვოლსკი: მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს
,,როდის იყო და როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება?! მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს, რომელიც უკრაინაში მუდამ რუსულ ინტერესებს ატარებდა. კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი წევრია გონჩარენკო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის.
“საქართველომ ბოლო 13 წლის განმავლობაში რომელი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთს უპირატესობის მოპოვებაში შეუწყობდა ხელს?! განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ხელისუფლებისგან, რომელსაც ასე გააფთრებით იცავენ და რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ ევროსაბჭოსა თუ სხვა ფორმატებში. რეალობა არის ეს და ამ რეალობას თვალი რომ არ გაუსწორონ, პრობლემების ზღვა უნდა შეგიქმნან!
საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმიის იარაღი გვაქვს დამიზნებული. ყოველდღიურად ამ დაძაბულ ვითარებაში ვცხოვრობთ. მაინც და მაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ ისეთ დაპირისპირებაში შევიდეთ, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს.
რა ტრიბუნალზე მოაწერეს ხელი ან რისი გამკეთებელია გონჩარენკო, როცა ინგრევა და სისხლში იხრჩობა უკრაინა?! მთელი ახალგაზრდა თაობა გაწყვიტეს და დღეს რაღაც იდეებთან დაკავშირებით საქართველოს ებრძვიან, რომელიც ათასნაირი გამოწვევის წინაშე დგას!
საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის – არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს! საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. გონჩარენკოსნაირი ხალხი არის უმადური“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. განხილვის საკითხი იყო პოლიტპატიმრები და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საქართველოში. დებატებისას უკრაინის წარმომადგენელმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საქართველომ ხელი არ მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას, რომლის ამოცანაც რუსეთის ხელისუფლების გასამართლებაა. გონჩარენკოს თქმით, ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა საქართველო თავად არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი.