ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ იქნება, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ისრაელი ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება სურს, თუმცა თეირანმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
„აშშ-სთან მოლაპარაკებების ადგილი არ იქნება მანამ, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ცნობისთვის, დღეს ჟენევაში, ირანის გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, აბას არაღჩის, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს შეხვედრაა დაგეგმილი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ გუშინ განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.