თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 8 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 8 დასახლებაში, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
გაზსადენისა და გამანაწილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
„გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი დაფარული იქნება გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურით, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს საკუთარ მეურნეობაში ბუნებრივი აირით ისარგებლოს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ადგილზე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, აგრეთვე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან მოსახლეობას აღარ მოუწევს გათბობისა თუ სხვა საჭიროებისთვის შეშის მომარაგება და გამოყენება,“ – განაცხადა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა.
ამჟამად მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება მიმდინარეობს ჭივჭავში, დიდ თონეთში, პატარა თონეთში, ღოლოვანში, ორბეთში, ახალ ზირბითში, დიდგორსა და ახალ პანტიანში. ჯამურად აშენდება 108,411 გრძივი მეტრი გაზსადენი. შედეგად, 1,483 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული, გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, 28 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 3,000-ზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს.
2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ქვემო ქართლში 47 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. შედეგად, 12,500-ზე მეტმა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვა. რეგიონში აშენდა 2 მკვებავი გაზსადენი, რომელთა საერთო სიგრძემ 59 558 გრძივი მეტრი შეადგინა.