საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქპატენტის მიერ მომზადებული „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებათა პროექტი გააუმჯობესებს საქართველოში დიზაინების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და უზრუნველყოფს დიზაინების დაცვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომ დაახლოებას.
ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც, ასევე, გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების ქართულ კანონმდებლობაში დანერგვას. „დიზაინის შესახებ“ მოქმედ კანონში ევროკავშირის კანონმდებლობასთან გარკვეული პროცედურული და ტექნიკური შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, „ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP)“ ფარგლებში ჩატარდა არაერთი შეხვედრა ევროკავშირის დარგის სპეციალისტებთან, გაკეთდა საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობების შედარებითი ანალიზი და, ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა კანონის ცვლილებათა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დიზაინების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდება დიზაინის ექსპერტიზა და სამართლებრივი დაცვა, გაიზრდება საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი ორგანოს – სააპელაციო პალატის უფლებამოსილება. გარდა ამისა, დაინერგება დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა, რომელიც შექმნის დიზაინის ბათილად ცნობის შესახებ დავების უფრო სწრაფად განხილვის შესაძლებლობას, რაც ააცილებს მხარეებს ხანგრძლივ სასამართლო დავებს და ხელს შეუწყობს დიზაინის დაცვის სისტემის გაუმჯობესებას.
თავის მხრივ, დიზაინის რეგისტრაცია ემსახურება ადამიანის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. მისი დაცვის ეფექტიანი სისტემა კი უზრუნველყოფს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვას, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის წახალისებასა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.