ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტიც არის დირექტივის შესრულება, ყველას კარგად ახსოვს, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ
ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტიც არის დირექტივის შესრულება, მათ ავალებენ ხოლმე ბრიუსელში ჩასვლას იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის სახელით ისაუბრონ ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამას აკეთებენ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ოპოზიციის რეპუტაციაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება, ვინაიდან ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, თუმცა დავალება აქვთ შესასრულებელი და დიდი არჩევანი არ აქვთ.
„ყველას კარგად გახსოვთ, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ჯერ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებას, შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღებას, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნას. აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც არის ამ შემთხვევაშიც, თავიდან ბოლომდე გარე დაკვეთა. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ეს. ქართველი ხალხის თვალში მათ რეპუტაციაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება ასეთი პროცესები – ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ, თუმცა დავალება არის დავალება და როდესაც ხარ დავალების შემსრულებელი, ბუნებრივია, დიდი არჩევანი არ გაქვს,”- განაცხადა პრემიერმა.