“მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი” – დავით მათიკაშვილი

“მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი – დონალდ ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე, ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტები და აგენტურული ძალები, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის ინტერესი არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
აღნიშნულით ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობს.

„მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის. ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე და ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტები და აგენტურული ძალები, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის ინტერესი არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას და მხოლოდ საკუთარი და პატრონების ინტერესით აკეთებენ გასაკეთებელს. ეს არის ის დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ მოახდინოს ზეწოლა ქართველ ხალხსა და იმ მონაპოვარზე, რომელიც არის ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“.

2010 წელს, როდესაც დიპლომატიური პასპორტები მიანიჭეს სააკაშვილს და მის ბანდას, ქართველი ხალხი იყო ამ პასპორტების გარეშე და ვერ მოძრაობდა ევროპაში ვიზის აღების გარეშე. ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართველმა ხალხმა ეს ღირებულება მოიპოვა. დღეს კი იმისთვის, რომ ქვეყანაში კვლავ დესტაბილიზაციის კერები შეიქმნას, ტუსკი არ ერიდება და აკეთებს ამგვარ განცხადებას. რეალურად, ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა მით უმეტეს ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა. ამიტომ, ჯერ ერთი – ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირში მეგობრები გვყავს, რომლებიც არ დაუშვებენ იმ მოცემულობის რეალიზებას, რაც ტუსკის სურს. მეორე საკითხი და აშკარა მოცემულობა არის ის, რომ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე წელი გავიდა, საქართველოს პროქსი ქვეყნად, საზარბაზნე ხორცად გამოყენების საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოდის. ამის ერთადერთი შესაძლებლობა არის მაშინ, თუკი სააკაშვილის სახით ხელისუფლებაში კრიმინალური ბანდა დაბრუნდება. ის განცხადება, რომელიც, სამწუხაროდ, ტუსკიმ გააკეთა, მეტს არაფერს არ ემსახურება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები