ელჩი: ისრაელი უკრაინას Patriot-ის ძველ სისტემებს გადასცემს
უკრაინაში ისრაელის ელჩის, მიხაილ ბროდსკის განცხადებით, ისრაელმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნა, რომლებიც შეერთებული შტატებისგან 1990-იანი წლების დასაწყისში მიიღო.
„1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პირველი სპარსეთის ყურის ომი მოხდა [ასევე ცნობილი როგორც ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“, რომელიც 1991 წლის 17 იანვრიდან 28 თებერვლამდე გაგრძელდა], ჩვენ შეერთებული შტატებისგან Patriot-ის სისტემები მივიღეთ. სხვათა შორის, ეს სისტემები ახლა უკრაინაშია – ეს არის სისტემები, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში ისრაელის სამსახურში იყო და შემდეგ ჩვენ შევთანხმდით მათ უკრაინაში გადაცემაზე. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არაფერი ითქვა, მაგრამ როდესაც ზოგი ამბობს, რომ ისრაელი უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით არ დაეხმარა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ისრაელმა უკრაინას სამხედრო თვალსაზრისითაც ხელი შეუწყო“, – აღნიშნა ბროდსკიმ.
კითხვაზე, თუ რატომ არასდროს აკეთებს ისრაელი კომენტარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე, ელჩმა უპასუხა, რომ ამ „სენსიტიურ“ თემაზე საუბარი არ სურს.