საქართველოს უძრავო ქონების ბაზრის კვლევა ჩატარდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საპარტნიორო ფონდის ინიციატივით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩატარდება. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “Colliers International” განახორციელებს, რომლის წარმომადგენლებმაც 16 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევის დეტალებისა და მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და საპარტნიორი ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ნათია თურნავა. „როდესაც ინვესტორებს და ადგილობრივ დეველოპერებს ვესაუბრებით, უმნიშვნელოვანესია, გამოვიყენოთ ზუსტი ციფრები, თუ რა ტენდეციებია დღეს ჩვენს ქვეყანაში და რა ტენდენციები იქნება სამომავლოდ“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა. უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 7 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის არის საცხოვრებელი, საოფისე და სასაწყობე ბაზრების; აგრეთვე სასტუმროების, საცალო ვაჭრობისა და გასართობი ინდუსტრიის მიმოხილვა. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო საკუთარებაში არსებულ მსხვილ ობიექტებზე „თიზერების“ მომზადებას და სხვადასხვა ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ საინფორმაციო-საინვესტიციო ბროშურების დამზადება, რაც სასტუმრო და გასართობი ინდუსტრიის უძრავი ქონების ბაზრის ეფექტური რეკლამირების საშუალებაა. როგორც კომპანია “Colliers International Georgia“-ის ხელმძღვანელმა ირაკლი კილაურაძემ განაცხადა, კვლევა საქართველოს 14 ქალაქში ჩატარდება და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პრეზენტაციას უძრავი ქონების დეველოპერები, საკონსულტაციო კომპანიები და კვლევის საკითხით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები