“სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ხონის კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე” – წულუკიანი
“კარცერების სისტემა, როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც გიდობა გაგვიწია, თქვა, რომ ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორიც იყო 2007-2009 წლებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს პირველი გასვლითი სხდომა გამართა.
კომისიის წევრები ხონში, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც წლების წინ სამარტოო საკნები და კარცერები იყო.
“კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის, თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან ყველანაირი კავშირი ჰქონდათ გარე სამყაროსთან აკრძალული და დაკარგული. ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში და დასკვნას თან დაერთვება როგორც ფოტო, ასევე ვიდეომასალა ხონის მე-13 დაწესებულების, რაც არის სიმბოლო სააკაშვილის მმართველობის. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ [ხონის] კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე,” – აღნიშნა წულუკიანმა.