თბილისში ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას სახელობის სკვერი გაიხსნა
ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტალში მდებარე სკვერს გამოჩენილი ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას სახელი მიენიჭა.
სკვერის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ მიმართა.
„იოსებ ჟორდანიამ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბავშვებს, ახალი სიცოცხლის შექმნასა და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლას. მისი სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სკვერს მიენიჭა იოსებ ჟორდანიას სახელი და სიმბოლურია, რომ სკვერის გახსნის ცერემონიალი ბავშვთა დაცვის დღეს გაიმართა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, მიმართა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ იოსებ ჟორდანიას ცხოვრება მთლიანად დაკავშირებული იყო ბავშვებთან და სწორედ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იხსნება მისი სახელობის სკვერი. მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანების ღვაწლი არ დარჩეს დაუფასებელი და მიხარია, რომ იოსებ ჟორდანიას სახელის უკვდავსაყოფად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა თბილისის საკრებულოს მხრიდან“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და რეპროდუქციული მედიცინის ფუძემდებლის – იოსებ ჟორდანიას – სახელის მინიჭების ინიციატივით ქართულ-გერმანულმა რეპროდუქციულმა ცენტრმა მიმართა თბილისის საკრებულოს. წერილს ხელს აწერდნენ როგორც რეპროდუქციული ცენტრის, ისე ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლები, სულ 300-ზე მეტმა ექიმმა მოაწერა ხელი მიმართვას. თბილისის საკრებულომ 2025 წლის 28 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალში, მდებარე უსახელო სკვერისთვის იოსებ ჟორდანიას სახელის მინიჭების შესახებ.
იოსებ ჟორდანია რეპროდუქციული მედიცინის პიონერი იყო საქართველოში. 1958 წელს მან დააარსა ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია. 1962 წელს, ბრაზილიიდან დაბრუნებისას, იგი ტრაგიკულად დაიღუპა, როცა თვითმფრინავის კატასტროფისას ცდილობდა ბავშვის გადარჩენას.
დღესვე, ცერემონიის ფარგლებში, სიმბოლურად დაირგო ხე.
ღონისძიებას ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, სამედიცინო საზოგადოების წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.