პრემიერი – თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე და ამის შემდეგ მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

“თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე და ამის შემდეგ მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა საამიროებთან,” – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ყველა მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

პრემიერმა ისაუბრა საამიროების მხრიდან 6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე და აღნიშნა, რომ საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჯერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მან, რატომღაც, გადაწყვიტა, თავზე გადახტომოდა სახელმწიფოს. შესაბამისად, თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა და მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამას აქვს ბევრი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რაც სხვადასხვა მიმართულებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, დაახლოებით 6 თვის წინ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტირებას, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, რამდენიმე დღეში გაიხსნება მშრალი პორტი თბილისში, რომელიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განხორციელებული ინვესტიცია. ეკონომიკური კუთხით, ტურიზმში, ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა საამიროებთან და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იყო უალტერნატივო. მომავალშიც განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან,”- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით თავად ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ვერსიას შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ სუს-მა შეიძლება ინატროს.

„რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ანონსების დონეზე, მე არ ვიცი, შეიძლება, პიარში ფულს უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან ბაჩიაშვილს, ან „ტვ პირველს”, ან ორივეს ერთად, ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სასწაული ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დამნაშავე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის, ოპერაციის საფუძველზე ჩამოიყვანა საქართველოში. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ინატროს სუს-მა, მოსადსაც კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება. არ ვიცი, რას უხდიან ნოდარ მელაძეს, მე ვიცი, რომ თავის დროზე, მას უხდიდნენ გარკვეულ თანხებს კონკრეტული შენობიდან, შეიძლება ეს პროცესი გრძელდება, ამაზე უნდა ვკითხოთ უსაფრთხოების სამსახურს,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები