ირაკლი ჩიქოვანი – “დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების და ჩვენი ლიდერების ძალისხმევის შედეგად საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში”
„წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა მხოლოდ მოტივირებული და გავლენებისგან თავისუფალი საზოგადოების ძალისხმევით არის შესაძლებელი“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღე სამშობლოს მომავლის წინაშე, საკუთარ პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ გვახსენებს: „26 მაისი შეგვახსენებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშე, რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც ძნელი იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა“.
თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ეკლესიისა და კონფესიების როლზე, ასევე ქვეყნის საერთო მომავლის შექმნაში აფხაზი და ოსი ძმების მონაწილეობაზე.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და მისი ლიდერების ძალისხმევით, საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში; “დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების და ჩვენი ლიდერების ძალისხმევის შედეგად, საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში იქნება სუვერენული და თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.