“ის სპეკულაცია, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლა, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ის სპეკულაცია, ისტერია და შეთქმულების თეორიები, რომლებიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა პროპაგანდისტულმა მედიამ და ენჯეოებმა აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი და რამდენად სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხებიც”, – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

საპასუხოდ, სუსმა განაცხადა: “მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები