„კ(ქ)რონოსი“ – ტატო ახალკაციშვილის გამოფენა გაიხსნება
1 მაისს, 18:00 საათზე, ქართლი სახვით ხელოვნების მუზეუმში ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ გაიხსნება.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ უმთავრესად წარმოაჩენს მხატვრის შემოქმედების განსხვავებულ ეტაპს. საგამოფენო თხრობის იმერსიულ ხასიათს განაპირობებს დიდი ზომის ტილოები. თითოეული ტილო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ქვეთავია – ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ სერიას. გამოფენის სათაურის, კონცეფციის და მთლიანი ვიზუალური ქსოვილის ავტორია კურატორი, კონსტანტინე ბოლქვაძე.
ვიზუალურ თხრობაში თავს იჩენს შემდეგი ასპექტები:
ბიბლიური თუ არქეტიპულ-მითოლოგიური, ფრანსუა რაბლეს რენესანსული დიდაქტიკა (გარგანტუა და პანტაგრუელი), ესქატოლოგია და ჰოლანდიურ-ფლანდრიული სკოლის ჟანრული ჩანართები.
უდროო, იმპერსონალურ სივრცეებში „მოგზაური არტისტი“ კრონოსით, პეგასით, კუპიდონებით თუ სხვა კულტურული კოდებით ეძებს დროს; მისი მიზანი არ არის სტილის და ეპოქის სულის გაცოცხლება, პირიქით, ალეგორიული სიუჟეტებით ჰყვება მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე.
ნამუშევრებში ამბივალენტური ნიუანსებიც იკითხება: ტოქსიკური ფერები და ჰოლანდიური ვალიორი, ჰარმონია და ქაოსი, სიცოცხლე და თანატოსი, კლასიკა და პოსტმოდერნიზმი….
ტატო ახალკაციშვილი 2000-იანი წლების თაობის მულტიმედიური არტისტია, ფერწერის და გრაფიკის გარდა, ქმნის ფოტოებს, კოლაჟებს, ინსტალაციებს, ობიექტებს და ვიდეოარტს. ტატო იყო „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წევრი, რომელიც 2004 წელს შეიქმნა.
გამოფენის საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს გრაფიკული ნამუშევრების კონსტრუქცია, როგორც საკურთხეველი საკულტო არქიტექტურაში. თითქოს, ზღურბლს ან მიღმიერთან გამყოფს ვუახლოვდებით. ამ კონსტრუქციით იკითხება მთელი გამოფენა.
„გამოფენის სათაური, „კ(ქ)რონოსი“ ერთგვარად ხსნის ტატო ახალკაციშვილის შემოქმედების კონცეპტუალურ არსს – პირველადი აღქმით, განყენებული სიუჟეტები და ზოგადად არტისტული სამყარო მუდმივად ეხმიანება ჩვენს თანამედროვეობას: სოციალურ თუ პოლიტიკურ ფონს, ახალ მსოფლიო წესრიგს, მის მანკიერ შედეგებს თუ ღირებულებათა ომს.
კრონოსის სახით, თაობათა ომი კანონზომიერებას იძენს დროის ღმერთით (ქრონოსით), რაც კაცობრიობის ისტორიაში რამდენადმე ლოგიკურ მუდმივობად გვევლინება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.