გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში რატომ არის დასამალი უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია
“ბატონი ჯიმ რიში გამოვიდა და თქვა, რომ რა თქმა უნდა, გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, რა არის დასამალიო და საქართველოში რატომ არის დასამალი უცხოეთიდან და, მათ შორის, ტრამპის პრეზიდენტობამდე გადმორიცხული თანხები, რატომ იყო ეს დასამალი?! – ეს ხომ ორმაგი სტანდარტია” – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე.
“[გვახსოვს] ის ორმაგი სტანდარტები, რასაც ადგილი ჰქონდა გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. ის, რომ რაც კარგია ამერიკაში, თურმე ცუდია საქართველოში. ჩვენ ვიხილეთ ტრამპის მორიგი ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტებში თანხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა უნდა არსებობდეს, რაზეც გაგიკვირდებათ და ბატონი ჯიმ რიში გამოვიდა და თქვა, რომ რა თქმა უნდა, გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, რა არის დასამალიო და საქართველოში რატომ არის დასამალი უცხოეთიდან და, მათ შორის, ტრამპამდე გადმორიცხული თანხები, რატომ იყო ეს დასამალი?! – ეს ხომ ორმაგი სტანდარტია და ამას ხომ, ქართველი ხალხი აფასებს და აფასებს არამეგობრულად. იმიტომ რომ, როდესაც შენ საქართველოში ხელს უშლი გამჭვირვალობის კანონის მიღებას, შენი ფული სად დაიხარჯოს საქართველოში არ იყოს გამჭვირვალე და საკუთარ ქვეყანაში ამართლებ ამ გამჭვირვალობის პროცესს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ ხარ არაკეთილსინდისიერი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. დაწესებულებები ვალდებული იქნებიან დაასახელონ უცხოური დაფინანსების წყაროები. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ჯიმ რიში – “ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?” – განაცხადა სენატორმა.