შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი მათ შორის იმაში, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზეწოლის მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, მადლობა ამ წნეხის გაძლებისთვის

,,ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი მათ შორის იმაში, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზეწოლის მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

„ყველას შევახსენებ, რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. შეგახსენებთ, მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. ეს მეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი პირდაპირ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, ჩემს კაბინეტშიც იყო, რათა ეიძულებინა საქართველო, წასულიყო რუსეთთან ესკალაციაზე, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა და ასე შემდეგ. ეს ზუსტად ემსახურებოდა ესკალაციას. მაშინ წნეხი მოდიოდა ყველაზე, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი არის უმაღლესი პირი, რომლის სიტყვაც, გადაწყვეტილებაც არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის. ამერიკის ელჩის პირით იქნებოდა, თუ სხვა წნეხი, რომელიც მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან, ემსახურებოდა იმას, რომ შევსულიყავით ესკალაციაში. მათ შორის, გახსოვთ, უკრაინა როგორ ესხმოდა თავს საქართველოს ხელისუფლებას, პირდაპირ აქციებს გვიორგანიზებდა პარლამენტის წინ, პირდაპირ ერთვებოდა ზელენსკი, ელჩი გაიწვია, რათა ყველანაირად შფოთი შემოეტანა და ეიძულებინა საქართველოს ხელისუფლება, წასულიყო რუსეთთან ესკალაციაში. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა იქნებოდა ამისი ბოლო, ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რა იქნებოდა ბოლო არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის და ეკონომიკის თვალსაზრისით, არამედ რა იქნებოდა და როგორ გავიდოდნენ ამ აურზაურიდან, აყალმაყალიდან ისინი, ვინც ჩაგვითრევდნენ ესკალაციაში. ამიტომ, მათ შორის, ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ამაში ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რათა მაშინ ამ წნეხს გაუძლო.

გარდა ამისა, მისი მონაწილეობა იყო განმსაზღვრელი, რათა კოვიდის პერიოდიდან საქართველო წარმატებულად გამოსულიყო. შეგახსენებთ, 2021 წელს გიორგი გახარია მაშინდელი ამერიკის ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან, რათა ჩამოეშალა ხელისუფლება. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო თავის თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში. ეკონომიკური ზრდის შედეგები მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელის დამსახურებაც არის. ასე რომ, მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გაწია, წარმატება ვუსურვო მის ოჯახთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს განვითარებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები