ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ,,ქართული ოცნება” იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს

,,წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად “ქართული ოცნების” დიდ გუნდს!”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ღარიბაშვილის თქმით, სჯერა, რომ ,,ქართული ოცნება” ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს.

,,რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის, იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება, შესაბამისად, ვრჩები, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად!

მსურს ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის!

წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად “ქართული ოცნების” დიდ გუნდს! მადლობა ქართული ოცნების თითოეულ წევრს, მომხრეებს, მხარდამჭერებს, იმ უზარმაზარ არმიას ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ! მადლობა საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს!

მე მჯერა, რომ ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ მომავალს და რაც მთავარია, შექმნის შესაბამის რეალურ პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის!”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები