უჩა ნანუაშვილი რუს “პრანკერებთან” საუბარს ადასტურებს – რას აცხადებს ყოფილი ომბუდსმენი
“ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რამაც გამოიწვია პუტინის, დუგინისა და გავრილოვის ფანების ჟრიამული რუსულ სივრცეებში, მათ შორის ინტერნეტ სივრცეებში, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობთ მაიდანს საქართველოში”, – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს.
ნანუაშვილი გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსი “პრანკერები” მას და ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაესაუბრნენ.
ყოფილი ომბუდსმენი ადასტურებს პრანკერებთან საუბარს, თუმცა აღნიშნავს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია.
“სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის პირველ არხზე, პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოც კი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში.
ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს დამონტაჟებულ ფალსიფიცირებულ მასალას და არავის გასჩენია კითხვა, იქნებ ეს არის მონტაჟი. და ეს არ გიჩენთ კითხვას, რატომ არ გასჩენია არავის ეს კითხვა? ვინმემ ჩემი ხმა მოისმინა? თუ მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს ვუსმენთ და არა იმ თარგმანს, რომელიც არის ვითომ თარგმანი”, – განმარტავს უჩა ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ და შეკითხვები დაუსვეს. ჩანაწერი გუშინ გავრცელდა.