“რა პროფესიისა და ასაკისაც უნდა იყო და რა საქმესაც უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად” – ილია მეორე
“ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ – მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
“ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა, სიკვდილი სრულად განქარდება და მარადისობაშიც ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება. მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავისი უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე, იმქვეყნად წასულ ჩვენს ახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის.
გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია, – ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება.
ამქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ასე რომ, ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით, აზროვნებითა და მეტყველებით, ჩვენ თვითონ ვძერწავთ, ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მარადიულობას, – კარგს ან ცუდს. და როგორც სამოთხეში, ისე აქაც, დედამიწაზე, ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს – თუ სიკვდილს? აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს, – შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი.
მადლისმიერი განღმრთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის! ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად; და „ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის (სხეულის) სურვილებს“ (რომ 6.12).
„თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს.
ადიდეთ ღმერთი, თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.