იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და საფლავი თბილისის დროით, დაახლოებით, 15.32 საათზე დაიხურა. მანამდე პატრიარქი განიმოსა და იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა კუვუკლიას სამჯერ ლიტანიობით შემოუარეს. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:36 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.