სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შავი ზღვის 3 ქვეყნის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას და წილკნის საცდელ სადემონსტრაციო-ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბულგარეთის, თურქეთისა და რუმინეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების წარმომადგენლები, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა სტუმრებმა ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორია და ნიადაგის კვლევის ლაბორატორია დაათვალიერეს, მოინახულეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა.
პროექტის მონაწილეებმა ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია და გაიცნეს ის პრაქტიკები, რომლებიც საქართველოში ვაზის საკოლექციო ნარგაობის, ძველი ბოსტნეულის ჯიშებისა და ტრადიციული ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.
სასწავლო ტური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „აგრო თესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრო-ბიო მრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისა და კლიმატის ადაპტაციისთვის – „SEEDGUARD” ფარგლებში მოეწყო.