დავით ქართველიშვილი: ცილი დასწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში – მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს

„ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას რეპლიკებს და ბრალდებებს, რომელიც მან ვიცე-სპიკერ სოზარ სუბარის მისამართით გააჟღერა.

ექსპერტმა რამდენიმე ეპიზოდი მოიყვანა მაგალითად, რა დროსაც სოზარ  სუბარმა პირველმა ამოიღო ხმა მაშინდელი რეჟიმისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

„რაც უფრო სუფთაა ადამიანი, მით მეტ სიბინძურეს ლაპარაკობენ მასზე“ ან „როდესაც შენ გლანძღავენ უმეცრები, ეს უკვე კომპლიმენტია“ – ამ აფორიზმებს მიაწერენ ომარ ხაიამს, თუმცა, დიდი ალბათობით, აპოკრიფებია, ისეთივე აპოკრიფები, რა კატეგორიასაც წარმოადგენს დღეს „forgetful man“ („ადამიანი არ მახსოვს“) გახარია. ხოლო მისი გუშინდელი ფეიკ-დაბრალების ობიექტი, სოზარ სუბარი – კაცია. ყველაფერი შეიძლება აიტანოს კაცმა ცრუ ბრალდების გარდა. ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს.

რაის 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები „გაუპრავა“ სოზარ სუბარმა სააკაშვილს? თითქმის ერთადერთი წონადი ფიგურა იყო იმ დროს, ვინც მთავარი გამყალბებლის, ცესკო-ს იმდროინდელი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. დააყენა არჩევნების გაყალბების უტყუარი ფაქტების გამოვლენისთანავე. ჩვენ უკვე გვყავს შერჩევითი „დემენციის“ მატარებელი პერსონაჟი და ჩვენი პოლიტიკური ფსიქიატრია ამ დარგში ორ ლიდერს ერთდროულად ვეღარ აიტანს. ამოიღოს ბატონმა amnesiac-მა 2008 წლის 4 აპრილის სოზარ სუბარის პრესკონფერენციის მასალები, სადაც მხოლოდ 12 საარჩევნო უბანზე გამოვლინდა 5475 ხმის გაყალბება. თუმცა, იმდროინდელი სააკაშვილის „ჯიბის“ ცესკო-ს და სასამართლოს გამო ამ ფაქტებს არ მიეცა სამართლებრივი განვითარების პერსპექტივა.

ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში. მაგრამ საიდან ის სითავხედე, რომ ან გაგიტარებთ, ან არ გამოვააშკარავებთ სრულ და აბსოლუტურ სიცრუეს და ცილისწამებას – ნურას უკაცრავად“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები