ჩეხი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. გაცნობითი ტური საქართველოში თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით ტარდება.

„ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიები ეწვივნენ საქართველოს, გაიმართა შეხვედრები ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, 1 კვირის განმავლობაში მათ მოინახულეს საქართველოს რამდენიმე რეგიონი და გაეცნენ ტურისტულ პოტენციალს, რათა სამომავლოდ თანამშრომლობა შედგეს და საქართველოში ბევრად მეტი ჩეხი ტურისტი ჩამოვიყვანოთ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ინფო ტურის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩეხი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც ჩეხეთიდან საქართველოში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტურისტული ნაკადების მოზიდვის და ტურისტული პაკეტების თემები განიხილეს. ჩეხი ტუროპერატორები დაინტერესდნენ სათავგადასავლო, გასტრო და ღვინის ტურიზმით.

„საკმაოდ წარმატებული შეხვედრები გვქონდა ჩეხ ტუროპერატორებთან, შეხვედრებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ჩეხური ტურისტული კომპანია დაინტერესდება ჩვენი ქვეყნით და მეტი ტურისტი ჩამოვა ჩეხეთიდან საქართველოში“, – აცხადებს ვიზიტ ჯორჯიას წარმომადგენელი ქეთი წიკლაური.

„საქართველოთი 20 წელზე მეტია დაინტერესებულები ვართ, ჩვენ ახლა ვცდილობთ ახალი პარტნიორების შეძენას და ახალი მიმართულების აღმოჩენას, ჩემთვის დიდი ინსპირაციაა საქართველოში კულინარიული და ღვინის ტურიზმი და გვინდა ეს მიმართულებები განვავითაროთ. ჩეხი მოგზაურები აქტიური ტურიზმით არიან დაინტერესებულები და მათ იზიდავთ როგორც კურორტები, ასევე სათავგადასავლო ტურები და ღვინის ტურიზმი“, – აცხადებს ჩეხი ტუროპერატორი მილოშ პოდპერა.

ჩეხეთიდან 6 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა თბილისისა და მცხეთის მონახულების შემდეგ კახეთში წინანდალი, ხოლო შიდა ქართლში უფლისციხე დაათვალიერა. ტუროპერატორები საქართველოს კულტურულ, კულინარიულ და ღვინის ტურიზმს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები