აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა გრძელდება
აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.
აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
კოპიტნარში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სანიაღვრე არხების გაჭრა მიმდინარეობს, რომელიც უხვი ნალექის დროს, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელ ტერიტორიას დატბორვისგან დაიცავს.
დეპარტამენტის უფროსი ქალაქ ონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს შეხვდა, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი დათუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, თანამშრომლებთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შეხვედრის ფარგლებში, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე აფხაზეთის მთავრობის მიერ დანერგილი ელექტრონული პორტალის გაცნობის მიზნით ტრენინგები ჩატარდა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.