“ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული” – მაკა ბოჭორიშვილი

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ისაუბრა.

„ამ ფორმატს ვუწოდებდი 3+2-ს, რადგანაც საქართველო არ არის ფორმატის ნაწილი, მაგრამ მას ყოველთვის 3+3-ს უწოდებენ. საქართველო არ არის ამ ფორმატის ნაწილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა. საქართველოს ორი რეგიონი რჩება ოკუპირებულად რუსეთის ფედერაციის მიერ და ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიუღებელი სამხედრო წარმომადგენლობა ამ რეგიონებში, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. სხვა მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ რეგიონზე და რეგიონულ თანამშრომლობაზე, ჩვენ გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა სხვა მეზობლებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, კარგი თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითები გვაქვს. თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ათწლეულების განმავლობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანია უფრო ფართო რეგიონისთვისაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები